აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სასურსათო სისტემების წარმატებული გარდაქმნისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორები
ამ სტატიაში, სასურსათო სისტემის ექსპერტები, იევა გალკიტე და მარკ დრისქოლი, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში „ფერმიდან სუფრამდე“ სტრატეგიასთან შესაბამისი სასურსათო სისტემების წარმატებით განვითარების 5 ძირითად ფაქტორს გამოყოფენ.
2020 წლის მაისში ევროკომისიამ წარადგინა ამბიციური სტრატეგია - „ფერმიდან სუფრამდე“ (F2F), რომელიც აყალიბებს იმედისმომცემ ხედვას ევროპის მასშტაბით კვების სისტემების ტრანსფორმაციისთვის. სტრატეგიის ცენტრში მოქცეულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა გარემო და ადამიანის ჯანმრთელობა. ეს იმიტომ, რომ ხშირად, შეუმჩნეველია თანამედროვე სასურსათო სისტემების მასშტაბური გავლენა კლიმატის ცვლილებაზე, ბიომრავალფეროვნებასა და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე. სასურსათო სისტემები გლობალურად სათბური აირების ემისიების მესამედზეა პასუხისმგებელი, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბიომრავალფეროვნების შემცირებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში, როგორიცაა გულისა და ონკოლოგიური დაავადებები და მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი. „ფერმიდან სუფრამდე“ სტრატეგიის მეშვეობით ევროკავშირი აპირებს შექმნას სასურსათო სისტემები, რომლებიც იქნება სამართლიანი, ჯანსაღი და ეკოლოგიურად მდგრადი, ევროკავშირის „მწვანე შეთანხმების“ მიზნების შესაბამისად.
ამ ვალდებულებების შესრულებასთან ერთად, ევროკავშირმა ახლახან წარადგინა დოკუმენტი „სტრატეგიული დიალოგი სოფლის მეურნეობაში“, რომელიც გასცემს რეკომენდაციების ჩამონათვალს - „ევროპაში ფერმერული მეურნეობისა და სურსათის საერთო პერსპექტივა“. ინიციატივა მიზნად ისახავს ევროკავშირის „ერთიანი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის“ (CAP) ჩამოყალიბებას, „სამართლიანი გარდაქმნისა“ და „ბუნების აღდგენის ფონდის“ შექმნასა და უფრო მდგრადი კვებითი რაციონის ადვოკატირებას, რომელიც „ფერმიდან სუფრამდე“ სტრატეგიის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ასეთ გარდამავალ ძვრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებისთვისაც ევროკავშირში გაწევრიანება უნიკალურ შესაძლებლობებთან ერთად, გამოწვევებსაც უკავშირდება. მაგალითად, უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებით, გახდება უმსხვილესი სასოფლო-სამეურნეო ქვეყანა 42 მილიონი ჰექტარი მიწით, რაც ამჟამინდელი ლიდერის, საფრანგეთის 28 მილიონ ჰექტარს, მნიშვნელოვნად აჭარბებს.
სტოკჰოლმის გარემოსდაცვის ინსტიტუტმა (SEI), რომელიც სომხეთში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში „მწვანე დღის წესრიგის“ პროექტს ახორციელებს, საფუძვლიანი კვლევა ჩაატარა ოთხივე ქვეყანაში სექტორული გამოწვევების გამოსავლენად „ფერმიდან სუფრამდე“ სტრატეგიის ჭრილში. შეფასებები ძირითადად უკავშირდება ინსტიტუციურ, სამართლებრივ, პოლიტიკასა და აღსრულებასთან დაკავშირებულ დაბრკოლებებს. თითოეულ სახელმწიფოში გამოვლინდა მსგავსი პრობლემები, როგორებიცაა: წყლის დეფიციტი, ნიადაგის ეროზია, დაბალი პროდუქტიულობა, ჰაბიტატის კარგვა და კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეული მზარდი საფრთხე. უფრო მეტიც, ქვეყნებში დგას გამოწვევები საკვების უსაფრთხოების მიმართულებით, რაც დაკავშირებულია კვების რაციონთან და ჯანსაღ საკვებზე შეზღუდულ ხელმისაწვდომობასთან.
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, ამ გარდაქმნის გზაზე ნავიგაციისთვის, ჩვენ გამოვყავით 5 მნიშვნელოვანი ფაქტორი კვების სისტემებისათვის:
1. მმართველობაში უნდა იქნეს გამოყენებული სასურსათო სისტემის ერთიანი მიდგომა
დარგობრივ სტრატეგიებსა და სამინისტროებს შორის კომუნიკაციისა და კოორდინაციის გაუმჯობესებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს F2F მიზნების მიღწევას. ეს გულისხმობს სასურსათო სისტემისადმი ერთიან, ჰოლისტურ აღქმას, წარმოებიდან მოხმარებამდე, რაც განაპირობებს ყველა მხარის თანამონაწილეობას. მეცნიერები უფრო და უფრო რწმუნდებიან, რომ სასურსათო სისტემების მდგრადობა მხოლოდ ახალ ტექნოლოგიებს არ უკავშირდება, სისტემური ცვლილებები საჭიროა პროდუქტის წარმოებისა და მოხმარების ეტაპებზეც.
2. სასურსათო სისტემებში სამართლიანი გარდაქმნის მხარდაჭერა ჯანსაღი და მდგრადი მომავლისთვის
ჩვენი შეფასება გვიჩვენებს, რომ არსებობს აგროსასურსათო სისტემებში სამართლიანი გარდაქმნის გაძლიერების პოტენციალი. „ევროპული მწვანე შეთანხმება“ ხაზს უსვამს მიდგომას „არავინ დარჩეს მიღმა“, რაც ამცირებს ცვლილებისადმი ყველაზე მგრძნობიარე სექტორებისა და რეგიონების მოწყვლადობას.
სასურსათო სისტემებში სამართლიანი გარდაქმნა მოიცავს რესურსებით მდიდარი ინდუსტრიული სოფლის მეურნეობიდან - რომელიც დამოკიდებულია სასოფლო-სამეურნეო რესურსების მნიშვნელოვნად დიდ რაოდენობაზე (სასუქები, პესტიციდები და სოია ცხოველთა საკვებისთვის) - სოფლის მეურნეობის ორგანულ, აგროეკოლოგიურ ან რეგენერაციულ ფორმებზე გადასვლას. ეს ცვლილება მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების აღდგენას, ნიადაგის გაუმჯობესებას, სათბურის აირების ემისიების შემცირებასა და მედეგობის უზრუნველყოფას.
ენერგეტიკის სექტორის მსგავსად, სასურსათო სისტემების სამართლიანი გარდაქმნის პროცესში უნდა ჩაერთოს ყველა აქტორი, განსაკუთრებით, დაუცველი ჯგუფები, როგორიცაა მცირე ფერმერები, მიწოდების ჯაჭვში ჩართული პირები და დაბალი შემოსავლის მქონე მომხმარებლები. ცვლილებისთვის, აუცილებელია შევიმუშაოთ ფინანსური და სხვა მხარდაჭერის სქემები; ასევე, გარდაქმნის პროცესი უნდა იყოს ყურადღებით დაგეგმილი და უნდა არსებობდეს დროული კომუნიკაცია ყველა ჩართულ მხარესთან. საბოლოო ჯამში, სამართლიანი გარდაქმნა წარმოადგენს შესაძლებლობას, ჩამოაყალიბოს მდგრადი, სამართლიანი და ეკოლოგიურად სუფთა სასურსათო სისტემები, გააძლიეროს საარსებო წყარო და შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და შესაძლებლობები.
3. ხელმისაწვდომ, ჯანსაღ და მდგრად კვებით რაციონზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
სასურსათო უსაფრთხოება რჩება მთავარ გამოწვევად ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის. ამავდროულად, გავრცელებულია ჭარბ წონასთან და კვებით რაციონთან დაკავშირებული სხვა ჯანმრთელობის პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ მმართველობითი რგოლი იშვიათად ერევა მოსახლეობის კვებით რაციონში, ჯანსაღი და მდგრადი საკვების ხელმისაწვდომობამ შეიძლება გაზარდოს საკვების უსაფრთხოება, გააუმჯობესოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და შეამციროს სასურსათო სისტემების მიერ გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება. სკოლების, კაფეტერიების, საავადმყოფოებისა და სხვა სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის გადახედვა შეიძლება ეფექტური ამოსავალი წერტილი იყოს გაუმჯობესების გზაზე.
4. კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა: ადაპტაცია და მედეგობა
კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეული ხშირი გვალვები, წყალდიდობები თუ სხვა ბუნებრივი კატასტროფები სერიოზულ ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობას. მაგალითად, მოლდოვა განიცდის ძლიერ გვალვებს, რაც საფრთხეს უქმნის მოსავლიანობას. ამ გამოწვევების გადასაჭრელად აუცილებელია ინვესტიციები ფერმერულ ტექნოლოგიებში, რომელიც აუმჯობესებს ნიადაგს და ხელს უწყობს მის ადაპტაციას. კონსერვაციული სოფლის მეურნეობა, რომელიც მოიცავს ისეთ პრაქტიკებს, როგორიცაა ნიადაგის მინიმალური დამუშავება და/ან საფარი/დამცავი კულტურების დარგვა, შეიძლება დაეხმაროს ნიადაგს სიჯანსაღის შენარჩუნებასა და მდგრადობის გაზრდაში.
უფრო მეტიც, კლიმატგონივრული ტექნოლოგიების გამოყენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წყლის კონსერვაციის სტრატეგიებს, როგორიცაა წვეთოვანი საირიგაციო სისტემები და მულჩირება, შეუძლია დაზოგოს წყალი და შეინარჩუნოს მოსავლიანობის მაჩვენებელი მშრალი პერიოდის განმავლობაში. ფერმერებისთვის ტრენინგისა და დახმარების გაწევა გადამწყვეტია. ფერმერებმა უნდა ისწავლონ, რატომ არის გარკვეული ფერმერული პრაქტიკა მომგებიანი, როგორიცაა მოსავლის როტაცია და მისი როლი ნიადაგის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ფერმერმა ასევე უნდა გაიგოს, რატომ არის კარგი სხვადასხვა კულტურის მოყვანა, რაც მოიცავს ადგილობრივი გარემოს კარგად შესწავლასა და მასზე მორგებული მცენარეების სახეობების მოყვანას.
მდგრადი სასურსათო სისტემების გასაძლიერებლად ჩვენ უნდა გადავაფასოთ იმპორტირებული სასუქებისა და პესტიციდების გამოყენება ფერმერულ მეურნეობაში. ორგანულ და აგრო-ეკოლოგიურ მიდგომებზე გადასვლამ შეიძლება შეამციროს გარემოზე ზემოქმედება, ხოლო განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება, როგორიცაა მზის ენერგია ან ბიომასა, შეამცირებს წიაღისეულ რესურსზე დამოკიდებულებას.
5. სექტორთაშორისი კვლევისა და ინოვაციების ხელშეწყობა
ევროკავშირის „ფერმიდან სუფრამდე“ სტრატეგია მოიაზრებს კვლევებსა და ინოვაციებს, რადგან ახალი ტექნოლოგიები და ინოვაციები არის პოზიტიური ცვლილების კატალიზატორი. ეს ტექნოლოგიები ხელს უწყობს მდგრადი მეურნეობის პრაქტიკის განვითარებას და უფრო ჯანსაღი და მდგრადი კვებითი რაციონის შექმნას.
რეალური პროგრესის მისაღწევად, თანამედროვე კვლევის მეთოდები სცილდება ტრადიციულ, იზოლირებულ მეთოდებს და მოიაზრებს თანამშრომლობითი და ტრანსფორმაციული კვლევის მიდგომებს. ეს ნიშნავს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ყურადღება უნდა გაამახვილოს საკვების წარმოებაზე, კლიმატზე, და გარემოსა და კვებას შორის კავშირებზე, რაც ხელს შეუწყობს სასურსათო სისტემის გამოწვევების გადაჭრას. კვლევა და ინოვაცია უნდა აკმაყოფილებდეს სასურსათო სისტემის ყველა აქტორის საჭიროებებს, მათ შორის ფერმერებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჯანმრთელობისა და კვების სფეროებში ჩართულ ჯგუფებს, მოქალაქეებს და მოწყვლად თემებს.
ამ ცვლილებებს საფუძვლად უდევს ჩვენი კოლექტიური ქმედება, ხედვა და გამძლეობა, რომელიც ისეთი მომავალის საწინდარია, სადაც სასურსათო სისტემები არის მედეგი და ქმნის მემკვიდრეობას, რომელიც მომავალი თაობებისთვის კეთილდღეობის გარანტია.